რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2009 წლის 3 აგვისტოს №162 ბრძანებით
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
წესდება
პრეამბულა
საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში. თავის საქმიანობაში იგი აღიარებს შემდეგ ღირებულებებს, პრინციპებსა და იდეალებს:
• კაცობრიობის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა, პიროვნების თვითრეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საკუთრივ კაცობრიობის, საზოგადოების, სახელმწიფოს უპირველეს ამოცანასა და ფუნქციას შეადგენს;
• ადამიანის უშუალო საარსებო გარემო არის საზოგადოება. საზოგადოებრივ თანაცხოვრებაში ყალიბდება ზნეობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების წევრთათვის ამ ზნეობის შესაბამისი ცხოვრების წესის გარანტიებს და მოითხოვს მათგან გარკვეულ თვითშეზღუდვას სხვებისათვის შესაბამისი გარანტიების უზრუნველსაყოფად;
• ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, პიროვნების თვითრეალიზებისათვის პირობების შექმნის, მოქალაქეთა და მათ კერძო თუ ჯგუფურ ინტერესებს შორის ურთიერთობის რეგულირება მიჩნეულია საზოგადოებრივ საქმედ – Res Publica. აუცილებელ ინსტიტუტს ამ საქმეთა მოსაგვარებლად წარმოადგენს სახელმწიფო;
• სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ თავისი დანიშნულების შესრულების ინსტრუმენტი არის კანონი. კანონის საფუძველზე შექმნილი მექანიზმებითა და კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სახელმწიფო ხელს უწყობს პიროვნების პოტენციალის გამოვლენასა და შესაბამის ქმედებებს და ზღუდავს ნეგატიური თვისებებით ან სხვა მოტივებით განპირობებულ სოციალური ჰარმონიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს;
• სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერის მიერ ცხოვრების დამკვიდრებული წესისა და საცხოვრისის შენარჩუნებისაკენ სწრაფვა, სახელმწიფოებრიობის მოთხოვნილებაში რეალიზებული თვითმყოფადობის გაცნობიერება, სოლიდარული პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ბედ-იღბალზე, შესაბამისი ნება და უნარი;
• ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მოთხოვნილების გონივრული ურთიერთშეხამების საუკეთესო შესაძლებლობას სახელმწიფოში იძლევა კერძო საკუთრების არსებობა და თვითმმართველობის სისტემა, როგორც უშუალო დემოკრატიის რეალური ფორმა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების პასუხისმგებელი წევრის _ მოქალაქის ჩამოყალიბებას;
• სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების მონაწილეობას წარმომადგენლობითი ინსტიტუტების გარდა უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც საფუძვლად უდევს პლურალიზმი და არჩევანის გარანტირებული შესაძლებლობა. სამოქალაქო საზოგადოებაში განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის პრობლემათა მოგვარების ოპტიმალური საშუალებაა მხარეთა კეთილ ნებაზე დამყარებული მუდმივი დიალოგი.
No comments:
Post a Comment