Sunday, January 15, 2012

ბანჯგვლიანი "დათვი"

დღეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჩავჯექი პატარა ყვითელ ავტობუსში, რომელსაც მარშრუტი თავისუფლების მოედნის მიმართულებით ჰქონდა. ავტობუსში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა დათვივით გაბურძგნულმა წვეროსანმა ადამიანმა. გავიფიქრე, ალბათ სოციალურად გაჭირვებული და ღატაკი მოქალაქეა. ისე მოხდა, რომ მის გვერდით აღმოვჩნდი და ვხედავ ანაფორა მოსავს აღნიშნულ მოქალაქეს და თან ფსკვნილს მარცვლავდა. მის გვერდით ვიჯექი და ყველაფერს ცხადად ვხედავდი და ცუდმა სუნმაც შემაწუხა. ეტყობა რამდენიმე თვის დაუბანელი იყო და ტანსაცმელიც საკმაოდ შელახული და ჭუჭყიანი ჰქონდა. ქაშუეთს, რომ მივუახლოვდით პირჯვარი გადაიწერა მხოლოდ ერთხელ, სხვა მოქალაქეებმა კი სამ-სამჯე ჯერ გადაიწერეს. შემდეგ მე გამომხედა, ალბათ უნდოდა ეთქვა ტაძარს ეს-ესა ჩავუარეთ და პირჯვრის გადაწერა გმართებს თუ ქრისტიანი ხარო. სავარაუდოდ რომელიღაც მემხოლოეთა სავანიდან იყო ქალაქს გამოგზავნილი. რატომ აღვნიშნე ეს მოვლენა? მაშფოთებს, მორჩილებისა და ბერების ასეთი უსუფთაობა და გაცხიმულ მიწებებული წვერებით სიარული. ხომ შეიძლება, რომ თმა-წვერი ნორმალურად შეიკრიჭონ და სუფთად გამოიყურებოდნენ? რა თქმა უნდა შეიძლება და შესაძლებელია. ფულიც აქვთ, მიწებიც აქვთ, ბიზნესიც აქვთ, სამოთხის ბილეთებსაც გასცემენ, ჯიპებიც აქვთ, სახელმწიფო 20 მილიონი ლარით აფინანსებს ბიუჯეტიდან... მოკლედ ყველაფერი აქვთ და მაინც ჩასვრილები და სუნიანები დადიან გამონაკლისების გარდა. ვინც გამონაკლისია ისინი კი გაზულუქებული და გაფარფაშებული მღვდელმთავრების კასტას განეკუთვნებიან. ასეთი პრივილეგირებული ფენის სულ რამდენიმე რგოლი ცხოვრობს ფაშასავით და მორჩილთა და მონათა რიგები ემსახურებიან... უსამართლობა და უთანასწორობა სუფევს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს საპატრიარქოში... თქვენი აზრი მნიშვნელოვანია მოქალაქენო..

2011 წლის 11 03, პარასკევი, 23:58-ზე

მოჩვენებითი ღვთისმოსაობისა და მარხვის შესახე

"იყვირე მთელი ყელით, ნუ დაინანებ; საყვირივით აღავლინე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მათი დანაშაული და იაკობის-სახლს მათი ცოდვები. მეძიებენ მე ყოველდღე და სურთ ჩემი გზების ცოდნა. როგორც ერი, რომელიც იქმდა სიმართლეს და თავისი ღმერთის სამართალს არ არღვევდა; მეკითხებიან მე მართალ სამართალზე, ღმერთის სიახლოვეს სწადიათ მათ. რატომ ვმარხულობთ, შენ კი ვერ ხედავ? ვაწამებთ ჩვენს სულს, შენ კი არ იცი? თქვენი მარხვის დღეს ხომ აღწევთ წადილს და თქვენსავე ჟინს იკმაყოფილებთ? თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისთვის მარხულობთ და იმისათვის რომ უკეთური მუშტი ურტყათ. ნუ იმარხულებთ, როგორც დღეს, რათა შესმენილ იქნეს თქვენი ხმა ცაში. განა ასეთია მარხვა, რომელიც ამოვარჩიე, დღე, როცა ადამიანი აწამებს თავის თავს? ვით ლერწამი იდრეკს თავს და ძაძას და ნაცარს იგებს ქვეშ? ამას ვუწოდე მარხვა და უფლის საწადელი დღე? განა ეს მარხვა არაა, რომელიც ამოვარჩიე, გახსენი საბელი ბოროტეულთა, შეხსენი ბორკილნი უღლისა და გაუშვი ჩაგრულნი თავისუფლად და ყველა უღელი გაწყვიტეთ. განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელყოფ. მაშინ ცისკარივით ამოსკდება შენი სინათლე და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ წაგიძღვება შენი სიმართლე. და უფლის დიდება გარემოგიცავს. მაშინ დაიძახებ და უფალი გიპასუხებს, იღაღადებ და ის იტყვის: აქა ვარ! როცა მოიცილებ შენს შორის უღელს, თითის მიშვერას და ძვირის თქმას და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღობ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება. წინ წაგიძღვება უფალი მუდამ და დააკმაყოფილებს შენს სურვილს გვალვებში, შენს ძვლებს გაამაგრებს და იქნები, როგორც მორწყული ბაღი და როგორც წყლის სათავე, რომლის წყლებიც არ დაიშრიტება. და აღადგენ შენგნით საუკუნო ნანგრევებს. განამტკიცებ ძველთაძველ საფუძვლებს და დაგერქმევა შენგრეულის შემომღობელი, საცხოვრებლად გზების განმაახლებელი. თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს შენი სურვილის შესრულებისაგან, ჩემს წმინდა დღეს და უწოდებ შაბათს-"შვებას", "უფლის წმინდა დღეს", "განდიდებულს" და განადიდებ, არ გააკეთებ შენს საკუთარ საქმეს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭად არ ილაპარაკებ, მაშინ გაიხარებ შენ უფალში, აგიყვან დედამიწის სიმაღლეებზე და გამოგკვებავ იაკობის, შენი მამის, წილხვედრით, რადგან უფლის ბაგე ლაპარაკობს!"(ესაია. 58.1-14).

2011 წლის 18 03, პარასკევი, 2:40-ზე

აღდგომის შესახებ

წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

ხოლო გვწამს, აგრეთვე, მკვდართა აღდგომა, რადგან იქნება, ნამდვილად იქნება მკვდართა აღდგომა. ამასთან, ვამბობთ რა აღდგომას, სხეულთა აღდგომას ვამბობთ, რადგან აღდგომა ესაა დაცემულის მეორედ დგომა, ხოლო სულები, რომლებიც უკვდავნი არიან, როგორ უნდა აღდგნენ? მართლაც, თუ სიკვდილი განისაზღვრება, როგორც სულის გაყრა სხეულისგან, აღდგომა უთუოდ არის სულისა და სხეულის კვლავ შეკავშირება და დაშლილი და დაცემული ცოცხალი არსების მეორედ მდგომობა. ამიტომ, თვით გახრწნილი და დაშლილი სხეული, თვით იგი აღდგება უხრწნელი, რადგან ვინც დასაბამში მიწის მტვრისგან შეამყარა სხეული, ძალუძს მას აგრეთვე, რომ კვლავ აღადგინოს იგი, დაშლილი და იმ მიწისკენ მიქცეული, რისგანაც იყო აღებული შემოქმედის განჩინების შესაბამისად. მართლაც, თუ არ არსებობს აღდგომა, „ვჭამოთ და ვსვათ“, მივყვეთ სიამტკბილობით და განცხრომით ცხოვრებას. თუ არ არის აღდგომა, რითღა განვირჩევით პირუტყვთაგან?თუ არ არის აღდგომა, ნეტარვყოთ ველის მხეცები, რომლებსაც უზრუნველი ყოფა აქვთ. თუ არ არის აღდგომა, მაშინ არც ღმერთია და არც წინაგანგება, არამედ ყოველივე თვითნებურად განეგება და წარემართება, რადგან, აჰა, ვხედავთ, რომ მართალთა უმრავლესობა შეჭირვებულია და შეურაცხყოფილი, არ მიიღებს რა არანაირ შემწეობას ამჟამინდელ ყოფაში, ხოლო ცოდვილნი და უსამართლონი სიმდიდრეში და ყოველგვარ განცხრომაში განისვენებენ. ამიტომ, კეთილგონიერთაგან ვინ იქნება ისეთი, რომ ამგვარი რამ მართლმსაჯულებისა და ბრძნული წინაგანგების საქმედ ჩათვალოს? ამიტომ, იქნება, დიახ იქნება აღდგომა, რადგან სამართლიანია ღმერთი და ვინც მას დაუთმობს, საზღაურსაც მიიღებს მისგან. ასე რომ, თუ მხოლოდ სული იღვაწებდა სათნოებათა ასპარეზზე, მხოლოდვე იგი მიიღებდა გვირგვინს. ასევე, თუ მხოლოდ სული ჩაეფლობოდა სიამტკბილობაში, სამართლიანად დაისჯებოდა მხოლოდ იგი, მაგრამ რადგან სულს არც სხეულისგან განცალკევებული არსებობა ჰქონდა და არც მის გარეშე ეშურებოდა იგი სათნოებას თუ ბოროტებას, საზღაურთაც სამართლიანად მიიღებს ერთობლივად ორივე მათგანი. ამასთან, ადასტურებს საღვთო წერილიც, რომ იქნება სხეულთა აღდგომა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს წარღვნის შემდეგ: „როგორც ბალახის მწვანილი, მოგეცით თქვენ ყოველივე, მაგრამ ხორცი სულის სისხლით არ ჭამოთ, რადგან თქვენეულ სისხლსაც თქვენს სულთაგან გამოვიძიებ; ყველა მხეცის ხელისგან1 გამოვიძიებ მას და ყოველი ადამიანის, მისი ძმის, ხელისგან გამოვიძიებ მის სულს. ვინც დაღვრის ადამიანის სისხლს, მისი სისხლის სანაცვლოდ დაიღვრება, რადგან ღვთის ხატით შევქმენი ადამიანი“ (შესაქ. 9,3-6). როგორ გამოიძიებს იგი ადამიანის სისხლს ყველა მხეცის ხელისგან, თუ არ აღადგენს მომკვდარი ადამიანების სხეულებს? მართლაც, ადამიანთა სანაცვლოდ როდი კვდებიან ცხოველები. ასევე, თქმულია მოსეს მიმართ. „მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. არ არის ღმერთი მკვდართა ღმერთი“ (გამოსვლ. 3,6), - ე. ი. არ არის იგი იმათი ღმერთი, რომლებიც მოკვდნენ და აღარ იარსებებენ, არამედ - ცოცხალთა, რომელთა სულებიც მის ცხოველ ხელშია, სხეულები კი კვლავ იცოცხლებენ აღდგომის მიერ. ღვთისმამა დავითიც ამბობს ღვთის მიმართ: „სულს წაართმევ მათ და მოისპობიან და მათივე მტვრისკენ მიიქცევიან“ (ფს. 103,29). აჰა, სხეულთა შესახებაა ეს სიტყვა. შემდეგ ურთავს: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს. 103,30). ესაიაც ამბობს: „აღდგებიან მკვდრები და აღიმართებიან საფლავებში მყოფნი“ (ეს. 26,29). ცხადია, რომ სხეულებია დადებული საფლავებში და არა სულები. ნვტარ ეზეკიელსაც უთქვამს: „და მოხდა ისე, რომ ვწინასწარმეტყველებდი მე და, აჰა, იყო მიწისძვრა, და მოიტანა ძვლები, ძვალი - ძვლისადმი, თითოეული - თავისი ნაწევრისადმი. და ვიხილე, და, აჰა, შეექმნათ მათ ძარღვები და ხორცები აღმოუცენდათ და ამოუვიდათ მათზე, და ზემოდან გარემოეტმასნათ მათ ტყავი“ (ეზეკ. 37,7-8). შემდეგ იმას გვასწავლის, როგორ დაუბრუნდათ მათ ბრძანებამიცემული სულები. საღვთო დანიელიც ამბობს: „და იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც დადგენილია შენი ხალხის ძეებზე, და იქნება ჟამი შეჭირვებისა, შეჭირვება, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ხალხი გაჩნდა მიწაზე, ვიდრე იმ დრომდე. და იმ დროს ცხონდება შენი ხალხი, ყველა ის, ვინც წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. და მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღიმართებიან, ერთნი საუკუნო სიცოცხლისათვის, მეორენი - საუკუნო გაკიცხვისა და სირცხვილისათვის. და გონიერნი გამობრწყინდებიან, როგორც სამყაროს ბრწყინვალებაა და მრავალნი მართალთაგანნი, როგორც ვარსკვლავნი, საუკუნოდ და შემდეგაც გამობრწყინდებიან“ (დან. 12,1-3). როდესაც ამბობს იგი, რომ „მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღდგებიან“, ცხადია, სხეულთა აღდგომას წარმოაჩენს ამით, რადგან არავინ იტყვის, რომ სულებს სძინავთ მიწის ნაყარში. თვით უფალმაც წმინდა სახარებებში სხეულთა აღდგომა ცხადად გადმოსცა, რადგან თქვა: „მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ კეთილთა მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურთა მოქმედნი - სასჯელის აღდგომაში“ (იოან. 5,28-29), საფლავებში მყოფებად კი განა ოდესმე სულებს იტყოდა ვინმე საღად მოაზროვნეთაგანი? ამასთან, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გააცხადა უფალმა სხეულთა აღდგომა. პირველად, აღადგინა მან ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, უკვე გახრწნილი და სუნგაშვებული, ხოლო აღადგინა მან არა სხეულს მოკლებული სული, არამედ სხეულიც სულითურთ, და არა სხვა, არამედ - თვით ის, გახრწნილი, რადგან როგორღა შეიცნობოდა ანდა სარწმუნო გახდებოდა მკვდრის აღდგომა, თუკი მისი პიროვნების2 გამომხატველი თვისებები არ დაამტკიცებდნენ ამას? მაგრამ მან აღადგინა ლაზარე (რომელსაც კვლავ სიკვდილისკენ მიქცევა ელოდა), იმისათვის, რომ გაეცხადებინა თავისი ღმრთეება და სარწმუნო გაეხადა თავისი და ჩვენი აღდგომა, თვით უფალი კი დასაბამი გახდა იმ სრული აღდგომისა, რაც უკვე აღარ ექვემდებარება სიკვდილს. ამიტომაც ამბობდა საღვთო მოციქული პავლე: „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღდგომილა. მაშ, ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა. მაშ, კვლავაც ჩვენს ცოდვებში ვყოფილვართ“ (1კორ. 15,16-17). და კიდევ: „ქრისტე აღდგომილია, დასაბამი დაძინებულთა“ (იქვე 20). კიდევ: „პირმშო მკვდართაგან“ (კოლას. 1,18). და კიდევ: „თუკი გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი იმათაც, რომლებიც დაძინებულნი არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4,14), თქვა კი მოციქულმა: „ასევე“. ესე იგი: „„ისე, როგორც აღდგა უფალი“. ხოლო ცხადია, რომ უფლის აღდგომა მისი გაუხრწნელებული სხეულისა და სულის შეერთება იყო, რადგან ესენი იყვნენ გაყრილნი. მანვე თქვა: „დაარღვიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში ავაშენებ მას“ (იოან. 2,19). ღირსსარწმუნო მოწმეა წმინდა სახარება, რომ თავისი სხეულის შესახებ თქვა მან ეს. ამიტომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომლებსაც ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ: „ხელი შემახეთ მე და ნახეთ, რომ მე ვარ და არ შევცვლილვარ, რადგან სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, როგორც ხედავთ, რომ მე მაქვს“ (ლუკა 24,39). „და, თქვა რა ეს, უჩვენა მათ ხელები და გვერდი“ (იოანე 20,20), და თომასაც იწვევდა ხელის შესახებად. განა ყოველივე ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სარწმუნო იყოს სხეულთა აღდგომა? კიდევ, საღვთო მოციქული ამბობს: „საჭიროა რომ ამ ხრწნადმა შეიმოსოს უხრწნელება და ამ მოკვდავმა შეიმოსოს უკვდავება“ (1კორ.15,53). და კიდევ: „ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში; ითესება მშვინვიერი სხეული“, ესე იგი - განხშოებული3 და მოკვდავი, „აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15,42-44), ესე იგი - უცვლელი, უვნებო, დაწლობილი4 (რადგან ამას ნიშნავს „სულიერი“), ანუ იმგვარი, როგორიც იყო უფლის სხეული აღდგომის შემდეგ, კერძოდ: დაკეტილ კართა შორის გამავალი, დაუღლელი, საკვების, ძილისა და სასმელის არმსაჭიროებელი. მართლაც, უფალი ამბობს, რომ „იქნებიან ისინი როგორც ღვთის ანგელოზები“ (მათე 22,30). აღარ იქნება არც ქორწინება, არც შვილიერება. საღვთო მოციქული ამბობს: „ჩვენი მოღვაწეობა ცათა შინა ჰგიეს, საიდანაც მოველით, აგრეთვე, მაცხოვარს, უფალ იესოს, ვინც გარდასახავს კიდეც ჩვენი სიმდაბლის სხეულს, რომ გახდეს იგი თანახატება მისი დიდების სხეულისა“ (ფილიპ. 3,20-21). ამით მოციქულმა სხეულის სხვა სახედ გარდაქმნა როდი თქვა (ნუ მოხდება ეს!), არამედ უმალ ხრწნილებისგან უხრწნელებისკენ მისი შეცვლა. „მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები?“ (1კორ. 15,35). ჰოი, ურწმუნოებავ! ჰოი, უგუნურებავ!განა ის, ვინც მარტოდენ განზრახვით გარდაქმნის მტვერს სხეულად, ის, ვინც უბრძანებს თესლისეული ნივთის მცირე წვეთს საშოში ზრდას და სხეულის ესოდენ მრავალსახოვან და მრავალგვარ აგებულებად განსრულებას, - განა ასეთი ვინმე უფრო მეტად არ შეძლებს იმას, რომ, განიზრახავს რა, კვლავ აღადგინოს უკვე ქმნილი და დარღვეული? „მაგრამ როგორი სხეულით მოვლენ ისინი?“ (1კორ. 15,35). „უგუნურო!“ (იქვე 36), თუკი სიბრმავე არ განებებს, რომ ირწმუნო ღვთის სიტყვები, საქმეთაგან მაინც ირწმუნე, რადგან „შენ რასაც თესავ, არ ცოცხლდება, ვიდრე არ კვდება, და როცა რაიმეს თესავ, არათუ იმ სხეულს თესავ, რაც უნდა შეიქმნეს, არამედ - შიშველ მარცვალს, ვთქვათ, ხორბლისას ანდა სხვა რამისას, ხოლო სხეულს ღმერთი აძლევს მას როგორც ინებებს, და თითოეულ თესლს თავისი სხეული ეძლევა“ (1კორ. 15,36-38). დაუკვირდი, რომ თესლები ისე დაიფლვის ხნულებში, როგორც - საფლავებში. ვინ არის იგი, ვინც შთაუნერგავს მათ ფესვებს, ღეროს, ფოთლებს, თავთავებს და უწვრილეს ფხებს? განა არა ყოველთა შემოქმედი? განა არა იმის ბრძანება, ვინც ყოველივეს აღაშენებს? ამიტომ, გწამდეს ასევე, რომ ღვთის განზრახვითა და ნიშანცემით იქნება მკვდართა აღდგომაც, რადგან განზრახვის თანამსრბოლად აქვს მას ძალაც. ამრიგად, აღვდგებით, შეუერთდებიან რა სულები გაუხრწნელებულ და ხრწნილებისგან განძარცვულ სხეულებს და წარვუდგებით ქრისტეს საშინელ ტახტს, და გადაეცემიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე მისი ადამიანი ანუ ანტიქრისტე, ურჯულონი და ცოდვილნი საუკუნო ცეცხლს (არანივთიერს, როგორიც ჩვენთან არის, არამედ - იმგვარს, როგორიც ღმერთმა უწყის), სიკეთის მოქმედნი კი გამობრწყინდებიან როგორც მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი, ამინ!


1. „ხელისაგან“ (έκ χειρός) ნიშნავს იმავეს, რასაც თანდებული „გან“.
2. სიტყვ. „ჰიპოსტასის“.
3. ბერძნ. πάχυς (სისქის, სისხოს, „სიჴშოს“ მქონე; შდრ. არსენი „ზრქელი“).
4. ბერძ. λεπτός (დაწვრილებული, დამცრობილი, ნატიფი, თხელი, სიფრიფანა; შდრ. არსენი: „წულილი“).
ძეგლი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

წყარო:http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/100.htm

პასუხის პასუხი ერთ უცნობს

იუდეველები ქრისტეს ეშმაკეულს უწოდებდნენ, იესო კი ეუბნებოდა: "ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას"... გავმეორდები და გეტყვი, რომ ჩემში არ არის ეშმაკი. არავის დაკრულზე მე არ დავდივარ, როგორც ეს შენ მიგაჩნია. ვარ თავისუფალი პიროვნება და ვაკეთებ იმას რაც მე თავად მიმაჩნია მართებულად. მართებულობისა და ჭეშმარიტების სავანე ჩემთვის არის იესო მაცხოვრის მოძღვრება, რომლითაც მე ცხოვრებაში ვხელმძღვანელობ. არასდროს უთქვამს იესო მაცხოვარს, უსამართლობა და უკანონობაზე ხმა არ ამოიღოთო. თავად თაურსაწყისი ყოველივესი, რომელიც სტუმრობდა სამყაროს, ჭეშმარიტებისათვის ავიდა ჯვარზე და მოგვიწოდა სიმართლის მხარეზე დგომა. საეკლესიო იერარქიის კრიტიკა არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის მოწინაღმდეგე. კრიტიკის დანიშნულებაა უკეთესობისკენ სიარული... "თითოეული ხე თავისი ნაყოფით იცნობა"... სიბრძნისა და სიცოცხლის კიდობანს (სახარება) ვინც კარგად იცნობს ის უმალ მიხვდება თუ რა დღეშია დღევანდელი საეკლესიო იერარქია და მათ მიერ დამწყსილი ერი... თუ გაინტერესებს გაგაცნობ ჩემს სტატიებსაც, ადრე, რომ გამომიქვეყნებია, რომელსაც შემდეგ ჩემი აკადემიიდან გარიცხვა მოყვა... კრიტიკა არავის არასდროს არ მოსწონდა და ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე

 2010 წლის 17 11, ოთხშაბათი, 12:36-ზე

სასულიერო აკადემიის სტუდენტს ჟურნალ “არჩევანის” გავრცელების გამო ემუქრებიან

სასულიერო აკადემიის სტუდენტ გელა ჟვანიასაგან რედაქციამ შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: “ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც ეხება სიტყვისა და პრესის თავისუფლებას. ვსწავლობ სასულიერო აკადემიის IV კურსზე. პირადი ინიციატივით, სტუდენტებში ვავრცელებ რელიგიური ხასიათის ჟურნალ “არჩევანს”. სტუდენტთა გარკვეული ნაწილი, რომელიც “დავით აღმაშენებლის საძმოს” წევრია, ხშირად მიწევდა წინააღმდეგობას ჟურნალის გავრცელების გამო. ბოლო პერიოდში კი ისინი ხელმოწერებს აგროვებენ სასულიერო აკადემიიდან ჩემი გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით. დარბიან საპატრიარქოსა და აკადემიის სასულიერო პირთა შორის. ჩემი აზრით, ისინი ამ დაწესებულებებში ეძებენ ისეთ სასულიერო პირებს, რომლებზედაც დაყრდნობას შეძლებენ. აღნიშნული დაჯგუფება ერთგვარი პათოლოგიური “მოშურნეობით” არის ცნობილი, მათ საქმიანობას გარკვეულწილად საზოგადოება უკვე იცნობს. ამ დაჯგუფების უკან დგანან ფანატიზმითა და ფუნდამენტალისტური იდეებით შეპყრობილი სასულიერო პირები. ზოგიერთი მათგანი პირად საუბრებში მიცხადებდა, რომ მათ თურმე “ქუჩის აკადემია” ჰქონდათ დამთავრებული. მეუბნებიან: “თუ არ მორჩები ამ საქმიანობას, აკადემიის შენობაში არ შეგიშვებთ ან შენი გარიცხვის საკითხს დავაყენებთ ადმინისტრაციის წინაშე”.
მე კი ვხელმძღვანელობ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც გაზიარებულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ (საქართველოს კონსტიტუცია). ველოდები მოვლენების განვითარებას.
დიდი მადლობა ამ წერილის წაკითხვისათვის.
პატივისცემით გელა ჟვანია.”
აღსანიშნავია, რომ გელა ჟვანია მიეკუთვნება სასულიერო აკადემიისა და სემინარიის იმ სტუდენტთა რიცხვს, რომლებმაც ორი წლის წინ საჯაროდ გააპროტესტეს საპატრიარქოში გამეფებული ფანატიზმი, რუსეთის გავლენა და კორუფცია. საპატრიარქომ ეს სტუდენტები სასწავლებლიდან გარიცხა. გელა ჟვანია უკანასკნელია, რომელიც აკადემიაში დარჩა. ის აქამდეც განიცდიდა დევნას სასულიერო აკადემიის ადმინისტრაციისა და ექსტრემისტულ ორგანიზაცია “წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” წევრი სტუდენტებისაგან. ჩვენი ინფორმაციით, ეს უკანასკნელნი გ. ჟვანიას ფიზიკური ანაგარიშსწორებითაც ემუქრებიან. საპატრიარქოს მხრიდან ამ დევნის ინიციატორები არიან ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, ხოლო “წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” მხრიდან ცნობილი ექსტრემისტები, დეკანოზები: დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნა. იგი ხშირად სტუმრობს აკადემია-სემინარიას და სტუდენტებს ფუნდამენტალისტური და ნაცისტური იდეებით მუხტავს. სწორედ მან შექმნა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა”, რომელიც ძირითადად აკადემია-სემინარიის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.
პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა აკადემია-სემინარიის სტუდენტებს ჟურნალ “არჩევანის” კითხვა აუკრძალა. ამ შუასაუკუნოებრივი ბრძანების კომენტარისაგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი გამრეკელს არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი არ შეუქმნია და არც სამეცნიერო ხარისხი ან უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად დანიშნა. ხოლო ახლახან მწერალ თამაზ წივწივაძესა და მას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.
გამოვთქვამთ პროტესტს გელა ჟვანიას დევნის გამო და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ დაუშვებს თბილისის სასულიერო აკადემიიდან თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტის გარიცხვას.
სტუდენტებისათვის ჟურნალ “არჩევანის” კითხვის აკრძალვაში კი ნათლად ჩანს ფანატიკოსების პანიკური შიში განათლებისა და ჯანსაღი აზრისადმი.

18.10.2006

,,არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს”

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთ ნაწილს საერთო პოზიცია ჩამოგვიყალიბდა. ვიტყვით იმასაც, რომ ჩვენს დამოკიდებულებას იზიარებს სტუდენტებისა და პედაგოგების, აგრეთვე ჩვენთვის ცნობილი სასულიერო პირების უმრავლესობა. თუმცა სხვადასხვა მიზეზით ისინი დუმილს არჩევენ. ჩვენც დიდხანს ვდუმდით. მაგრამ, ჩვენი აზრით, წლების მანძილზე წაყრუებისა და დუმილის პოლიტიკამ ვერანაირად გაამართლა და ამ წერილზე ხელმომწერნი პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ეკლესიაში დღესდღეობით არსებული კრიზისის გამო; ჩვენი მთავარი დანაშაული სწორედ დუმილი იყო. ამიტომ ღიად ვაცხადებთ: აღარ გვსურს ჩუმი და გულგრილი მოწმენი ვიყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით ეკლესიის წინააღმდეგ მიზანდასახული ან თუნდაც გაუცნობიერებელი ბრძოლისა, აღარ გვსურს შევურიგდეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდით მოვაჭრეებს, მისი სახელის მიმტაცებლებს. ჩვენ ვსარგებლობთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის სწორედ ღვთითბოძებული თავისუფლებით, რათა ამ გზით შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაჭრა. უმწვავესი საკითხი, სასწრაფოდ რომ ითხოვს რეაგირებას, მრავალია. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას. საეკლესიო კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამღვდელო და სამღვდელმთავრო კანდიდატი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რა კრიტერიუმებით სდება ამა თუ იმ პიროვნების ხელდასხმა. ფაქტია, რომ სასულიერო პირების დიდი ნაწილის განათლებისა და სულიერი გამოცდილების ხარისხი მეტად დაბალია. განათლების დეფიციტის გამო ტოტალურად მახინჯდება დოგმატური და ეკლესიოლოგიური სწავლება, მორალის, პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება კი უკიდურესად ფანატიკურ ხასიათს იძენს. სულიერი გამოცდილების ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოდ მოძღვრის მხრიდან უპირობო მორჩილების მოთხოვნაში ვლინდება. საკუთარი სულიერი, ინტელექტუალური და ზნეობრივი უმწეობის შესანიღბად ასეთი ,,სულიერი მამები” ,,სულიერ შვილებს,” მარტივად რომ ვთქვათ, ართმევენ ყოველგვარ თავისუფლებას - მოარულ გვამებად აქცევენ მათ... სრულიად მოუწესრიგებელია სასულიერო პირების ცხოვრების ფინანსურ - ეკონომიკური მხარეც, რაც მათი უმრავლესობის მხრიდან საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებისას თანხის მოთხოვნის, მრევლის ღარიბი ნაწილისადმი უყურადღებობის, ხშირ შემთხვევაში კი - ,,საეკლესიო“ კორუფციაში ჩართვის საბაბი ხდება. ეს პრობლემა ეკლესიის მიმართ არაეკლესიური ადამიანების უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზია. ეკლესიის წიაღში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად არ შექმნილა საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომელიც სათანადო პასუხს გასცემდა თანამედროვეობის ამა თუ იმ გამოწვევას. ყველაზე მწვავე გარჩევის საგნად ბოლო წლებში - არც მეტი, არც ნაკლები - უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების საიქიო ხვედრისა და ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობის საკითხი იქცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი ნაწილი არ კითხულობს სახარებას, სამრევლო-საეკლესიო ცხოვრება მშრალ რიტუალიზმამდე, აზროვნება კი - ფსევდოსასწაულებისა და სიზმარ-გამოცხადებების ,,ღვთისმეტყველებამდეა“ დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოდის სულ მცირე 50 დასახელების ჟურნალი და გაზეთი, არც ერთი მათგანი რეალურად არ გამოხატავს მართლმადიდებლურ პოზიციებს, არც ერთ მათგანში არ სუნთქავს საღი აზრისა თუ ეკლესიის ღვთისმეტყველების სული (გამონაკლისს წარმოადგენდა ჟურნალი ,,გზა სამეუფო“, გაზეთები: ,,თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“ და ,,საეკლესიო სიწმინდენი“, რომლებიც ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო აღარ გამოიცემა). საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს ერეტიკულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურის მიმართ სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთმა ,,ერი და ბერი“ ანტიქრისტეს ვინაობა გვამცნო: მაშ, გიხაროდენ! ანტიქრისტე დასახელებულია, იგი გახლავთ აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკი(!). აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ჩვენი იერარქიისა და მრევლის ნაწილი განსხვავებული აზრის, სხვა აღმსარებლობათა მიმდევრების, დასავლეთის, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ შეუწყნარებლობით ხასიათდება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საეკლესიო პრესის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს ეკლესიის დისკრედიტირება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი სულიერ-ზნეობრივი სიმდიდრის პროფანაცია და ამ გამოცემების უმრავლესობაზე აღბეჭდილი ამა თუ იმ იერარქის ლოცვა-კურთხევას მინდობილი მრევლის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცხოვრებისგან სრული მოწყვეტაა.. ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს ავისმსურველებისთვის ეს მართლაც საშური პერსპექტივაა, რადგან ქვეყანა, სადაც მოქალაქეთა 85 პროცენტი თავს მართლმადიდებლად აცხადებს და ეკლესიისადმი ნდობის ხარისხი ყველა სხვა ინსტიტუტისადმი ნდობაზე შეუდარებლად მაღალია, ერთ მშვენიერ დღეს ანტიქრისტეს შიშით შეიძლება უბრალოდ პარალიზებულ იქნას, ანდა დასავლეთის მიმართ ფობიის გამო ისევ რუსეთის მარწუხებში აღმოჩნდეს. მთელი საქართველოსათვის კარგადაა ცნობილი კათოლიკოს-პატრიარქის ტოლერანტობა, მისი დამოკიდებულება საერო კულტურის, ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობის, მოქალაქის აქტივობისა და, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისადმი. უწმინდესი და უნეტარესი გამუდმებით მოგვიწოდებს სხვადასხვა კულტურის მიმართ ღიაობისა და დიალოგისკენ, მოგვიწოდებს სამრევლო ცხოვრებაში გულახდილობისა და მეტი თავისუფლებისკენ, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მისი პოზიცია სასულიერო პირთა განათლებასა და მათ მსახურებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. კათოლიკოს-პატრიარქი ბოლო სააღდგომო ეპისტოლეში მკვეთრად აკრიტიკებს მღვდელმსახურთა სამოძღვრო საქმიანობას, მათ ავტორიტარულ მიდგომას სულიერი შვილებისადმი. მაგრამ ამ ფონზე ფაქტია, რომ ეკლესიის დღევანდელობა უწმინდესისა და უნეტარესის სულისკვეთების საწინააღმდეგოა. ჩვენი აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იზოლაციაშია მოქცეული საპატრიარქოს აპარატის თანამშრომლების ერთი ნაწილისა და ამ აპარატთან დაახლოებული სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან. ამას არაერთი ეპისკოპოსი თუ მღვდელმსახური ადასტურებს, რომლებიც, როგორც ვთქვით, თავს იკავებენ ამ საკითხზე ღიად საუბრისგან; ამას ადასტურებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც წლების მანძილზე მეგობრობდა და თანამშრომლობდა უწმინდესსა და უნეტარესთან. და ამის შესახებ ჩვენც შეგვიძლია განვაცხადოთ; კერძოდ: უკვე ზედიზედ ორი წელია პატრიარქი სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ჯგუფს (რომელშიც შედის ნაწილი ამ წერილზე ხელმომწერებისა) ეკლესიაში არსებული პრობლემების შესწავლას ავალებს. მაგრამ ამ ანალიტიკურ ჯგუფს მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა. მისი საქმიანობა, შეიძლება ითქვას, ჩაიშალა კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ინიციატივით.ჩვენთან საუბარში სასულიერო თუ საერო პირები ერთხმად აღიარებენ, რომ საპატრიარქოში ყველაფერს განსაზღვრავს და აკონტროლებს საპატრიარქოს აპარატი ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელმძღვანელობით. მის სახელს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვასაც უკავშირებენ. რამდენიმე ხნის წინ პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ცნობა საპატრიარქოს მიერ ხაშმის ღვინის ქარხნის, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩოლოყაშვილების ისტორიული სასახლისა და კარის ეკლესიის დაგირავების ფაქტის თაობაზე. საზოგადოებისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა 1994-95 წლებში საპატრიარქოს სახელით წარმოებული კომერციული საქმიანობის შესახებ. ამ მასალაში საქართველოში სხვა პროდუქციასთან ერთად შემოტანილ სიგარეტზე, ბენზინზე, დიდი ოდენობით სპირტიან სასმელებზე და აქედან გატანილ ლითონებზეა საუბარი... ბუნებრივია, რომ ეკლესიური თუ არაეკლესიური საზოგადოება ხსენებული ფაქტების გამო საპატრიარქოს თანამშრომელთა მორალური პასუხისმგებლობის გარკვევის საკითხს დასვამს. ჩვენ კი ყოველგვარი პათოსისა და უქმსიტყვაობის გარეშე გავიმეორებთ: მთავარი დამნაშავე თითოეული ჩვენგანის გულგრილობა, დუმილი და უმოქმედობაა. შესაბამისად, გამოსავალიც ჩვენს ერთობაში, აქტიურობასა და ერთმანეთისათვის გულწრფელად ნათქვამ სიმართლეშია. რწმენა და სიყვარული არ შეიძლება იყოს ბრმა, რადგან, სხვა შემთხვევაში, რწმენა ფანატიზმად, სიყვარული კი მონობად იქცევა. ეკლესიაში შექმნილი მძიმე სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობის ფონზე იმედის სხივად საქართველოს გაბრწყინების იდეა ჩანს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ამკვიდრებს თავის ქადაგებებში. ჩვენც სწორედ ამ რწმენით გვსურს ვიცხოვროთ და ვიშრომოთ ეკლესიისა და მამულის საკეთილდღეოდ. რადგან გვწამს, რომ არასდროს მიგვატოვებს ჩვენი ცხოვრების მასულდგმულებელი ძალა - იესო ქრისტე და მისი წმინდანები, არასდროს დადუმდება უფლის სიტყვა, რომელიც სიბნელეს - სინათლით, მონობას - თავისუფლებით, სიკვდილს კი - სიცოცხლით ამარცხებს.

1. კახა აბაშიძე
2. იაკობ ახალაია
3. კახა ბუაჩიძე
4. დიმიტრი ბურდული
5. მირიან გამრეკელაშვილი
6. დიმიტრი გამრეკელაშვილი
7. ანტონ გუნიავა
8. თეიმურაზ გრძელიშვილი
9. დავით თინიკაშვილი
10. ერეკლე თურქაძე
11. რომან ლაშხია
12. გიორგი ლომიძე
13. კახა მაჩაიძე
14. ბექა მინდიაშვილი
15. ევგენი მიქელაძე
16. ვაჟა ნიქაბაძე
17. გელა ჟვანია
18. მიხეილ რობაქიძე
19. ჯაბა ტოროშელიძე
20. მიხეილ ცირდავა
21. ირაკლი ცხადაძე
22. ზურაბ ჯაში
23. ზაალ ჯუღელი

14.11.2006

ინტერვიუ სასულიერო აკადემიის სტუდენტ გელა ჟვანიასთან

- თუ შეიძლება, წარმოადგინეთ საკუთარი თავი.

- გელა ჟვანია – სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი, დავამთავრე სასულიერო სემინარია. ორი წლის წინსასულიერო აკადემიის 23 სტუდენტმა, მათ შორის მეც, გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სტატია საპატრიარქოში არსებული მდგომარეობის კრიტიკით, კერძოდ შევეხეთ კორუფციულ გარიგებებს, საკადრო პოლიტიკას, სასულიერო პირების ზოგად ინტელექტს, საპატრიარქოს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ ქრისტიანობასთან და ძირითადად მითოლოგიას, ფსევდოქრისტიანობას ქადაგენ. მართალია, იყო გამონაკლისები, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ასეთი გამოცემები დაიხურენ. სამაგიეროდ გამოდის 50-მდე ჟურნალ-გაზეთი, რომლებსაც აწერია, რომ საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოიცემა და სწორედ ეს გამოცემები ქადაგებს დამახინჯებულ ქრისტიანობას.
ამ წერილებში შევეხეთ მოძღვრისა და მრევლის დამოკიდებულებას და დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა, რადგან მოძღვრები მრევლს მუხტავენ არაჯანსაღი იდეებით, ართმევენ პირად თავისუფლებას, უკრძალავენ საკუთარი, განსაკუთრებით კი განსხვავებული, აზრის ქონას.

- სტუდენტების ნაწილი სემინარიიდან წავიდა, თქვენ დარჩით და გააგრძელეთ სწავლა, თქვენზე არ იყო ზეწოლა?

- მე დავრჩი ჩემი ინიციატივით, მიუხედავად ზეწოლისა. მართალია, ჩემი აზრები არ მოსწონთ და მიაჩნიათ, იმიტომ დავრჩი, რომ შევისწავლო იქ არსებული მდგომარეობა და ინფორმაცია გარეთ გამოვიტანო.

- პრაქტიკულად აგენტის სტატუსი მოუნიჭებიათ. რას ფიქრობთ, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ან ვისი აგენტი შეიძლებოდა ყოფილიყავით, საზოგადოების?

- ძირითადად სასულიერო პირებისაგან მოდის ასეთი დამოკიდებულება, ხოლო მათი სულიერი შვილები ამას ახორციელებენ. სასულიერო პირებს თავად არა აქვთ სასულიერო და საერო განათლებაც კი – ზოგი ტაქსის მძღოლი, ზოგი ხელოსანი იყო. თავად ეს პროფესიები პატივსაცემია, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანების მღვდლობა აშკარად იმსახურებს უპატივცემულობას.
ერთი სასულიერო პირი საპატრიარქოს სამეურნეო საქმეებსაც განაგებს და თან ხაშმის მონასტრის წინამძღვარიცაა, იგი რუსეთში სასჯელს იხდიდა ქურდობისათვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოახერხა ციხიდან გამოქცევა, საქართველოში ჩამოვიდა, პატრიარქთან თითქოს მოინანია ყველაფერი, მან კი მონაზვნად აღკვეცა და ყოველგვარი განათლების გარეშე სასულიერო კარიერაც შეუქმნა.

- ასეთი ისტორიები ტენდენციაა თუ ერთეული შემთხვევა?

- პრობლემაც ეს არის, რომ ტენდენციაა. არა მარტო წინამძღვრები და მღვდლები, ეპიკოპოსების გარკვეული ნაწილიც მსგავსი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანები არიან. განათლებულ და მოაზროვნე მღვდელმსახურებს საპატრიარქოში არ სწყალობენ. საკადრო პოლიტიკას ჩვენს ეკლესიაში პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი განაგებს.

- რისთვის სჭირდებათ გაუნათლებელი ხალხი?

- ეს ადამიანები კარგად იმართებიან, უსინდისოდ შოულობენ ფულს და გაყოფაც კარგად ეხერხებათ. მათთვის პრობლემა არ არის ასეთი საქმიანობა, რადგან არამცთუ ქრისტიანობის არსი, ელემენტარული საკითხებიც კი არ იციან. აქედან გამომდინარე, ფულის შოვნისა და გაყოფის ამგვარ ფორმაშიც პრობლემას ვერ ხედავენ. წირვის დაყენება და ლოცვა ისწავლეს და მათი ცოდნაც ამით ამოიწურება.

- რა მოხდა ჟურნალ “არჩევანთან” დაკავშირებით?

- ჟურნალის დაარსების დღიდან საპატრიარქოს რადიკალურად განწყობილი ფრთა, რომელმაც შექმნა და დღესაც ხელს უწყობს ფანატიკოსთა ჯგუფ “წმ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოებას”, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჟურნალის გავრცელებას და, რა თქმა უნდა, არსებობასაც. ამ ფრთის ღირსშესანიშნავი წარმომადგენლები არიან მღვდლები: დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე. სწორედ ისინი არიან “დავით აღმაშენებლის საზოგადოების” იდეოლოგები და წარმმართველნი. მათ სახელს უკავშირდება 1997 წელს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლა.
რაც შეეხება “არჩევანს”, მიმაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი მართლმადიდებლური ჟურნალი და ამკვიდრებს ნორმალურ ქრისტიანულ აზროვნებას, ამიტომ მას ჩემი ინიციატივით ვავრცელებ. არაერთხელ მქონია ჟურნალის გავრცელებასთან დაკავშირებით კამათი მოწინააღმდეგეებთან. ბოლო ნომრის გავრცელებისას წინააღმდეგობამ მწვავე ხასიათი მიიღო. შეიძლება ითქვას, მემუქრებიან, თუ გავაგრძელებ ჟურნალის გავრცელებას, აკადემიაში არ შემიშვებენ ან დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას აკადემიიდან ჩემი გარიცხვის მიზნით.

- კონკრეტულად ვინ გემუქრებათ?

- ისინი სტუდენტები არიან, სემინარიის მეორეკურსელები, ისაკაძისა და ქვლივიძის მრევლი და თან “წმ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოებას” წევრები. როცა ვკითხე, სანამ აკადემიაში ჩააბარებდით, სად სწავლობდით-მეთქი, მითხრეს, რომ “ქუჩის აცადემია” დაამთავრეს. ჩვენ ეკლესია გვმართავს, – ამბობენ ისინი.
გასარკვევია, რომელი ეკლესია მართავს?
ამ დაჯგუფებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის რუსეთის ეკლესიის დასაყრდენს წარმოადგენს, ანუ მეხუთე კოლონის მოვალეობას ასრულებს. დასანანია, რომ სასულიერო პირები არიან ამ როლში.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს მათი გამოცემა, გაზეთი “მრევლი”, რომელშიც რაფაელ კარილინისა და ლაზარე აბაშიძის სტატიებს, წიგნებსა და აზრებს აქვეყნებენ. მათში უარყოფილია დასავლეთი და გაფეტიშებულია რუსეთი, უკიდურესი თაყვანისცემაა გამოხატული რუსი წმინდანებისადმი, რომელთა შორის ბევრი იყო ქართული ეკლესიის მტერი.

- რას ფიქრობთ, რა მოხდება მომავალში, მოახერხებენ თუ არა თქვენს გარიცხვას?

- ჯერჯერობით ველოდები მოვლენების განვითარებას, ვიცი რომ აგროვებენ ხელმოწერებს. სტუდენტების გარდა განსხვავებული აზრის გამო მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეც სვამს ჩემი გარიცხვის საკითხს. სტატია, რომელიც მეუფე ანანიას მივაწოდე და მისი რისხვაც დავიმსახურე, იყო ტაშირის ეპარქიის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.
www.religion.ge ამ თემაზე კომენტარისათვის დეკანოზ ბასილ კობახიძეს დაუკავშირდა:
“აშკარაა, რომ მკალავიშვილის დაჯგუფების ნეიტრალიზაციის შემდეგ სწორედ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გადაიქცა ექსტრემისტთა სათარეშო ადგილად. ფანატიკოსები სარგებლობენ ახალგაზრდების გულწრფელობითა და რადიკალიზმით, რათა ისინი თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენონ. უკვე რამდენიმე წელია ფუნდამენტალისტი სასულიერო პირები სპეციალურად აგზავნიან ექსტრემისტული სულისკვეთებით გამორჩეულ სულიერ შვილებს აკადემია-სემინარიაში იმისათვის, რომ იქ სიტუაცია გააკონტროლონ და სიტყვიერი მუქარისა თუ ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა ან პროტესტი საპატრიარქოსა და სასწავლებელში გამეფებული ფანატიზმისა თუ კორუფციის მიმართ. აგრეთვე სტუდენტების გარკვეული რაოდენობა ცნობილი ექსტრემისტული დაჯგუფების “წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” წევრია. ესეც არ იკმარეს. ფანატიზმით გამორჩეულმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, რომელსაც პარალელურად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველი ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე “ზრუნვა” დაავალა, შექმნა ახალი ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა”, რომელიც მედგრად ამოუდგა თანამოძმე ორგანიზაციებს “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის” დაცვისათვის ბრძოლაში.
შედეგად აკადემია-სემინარიაში შექმნილია კატასტროფული სიტუაცია. სასწავლო პროცესი მთლიანად ჩამკვდარია, პედაგოგების განათლების დონე უაღრესად დაბალია. პრორექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, თვითონაა ფუნდამენტალისტური იდეების ერთ-ერთი მებაირახტრე. აკადემია-სემინარიის რექტორი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კვირაში სამ-ოთხჯერ თუ მივა სასწავლებელში და დამშეულ სტუდენტებს რამდენიმე ფუნთუშას მიუტანს. აკადემია-სემინარიაში უკვე დიდი ხანია გააუქმეს სასადილო. მიზეზად საპატრიარქომ უსახსრობა დაასახელა, თუმცა მშიერი სტუდენტების თვალწინ ხდება სამების ახალი საკათედრო ტაძრის გუმბათის მოოქროება.
ექსტრემისტი სტუდენტები აკადემია-სემინარიაში “მართლმადიდებლურ-ძველბიჭურ გაგებას” ამკვიდრებენ. ხშირად ხდება საქმის გარჩევები. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა სხვაგვარად მოაზროვნე სტუდენტების ცემა. ერთხელ ასეთი სტუდენტი ექსტრემისტმა სტუდენტმა დანითაც დაჭრა, თუმცა დამნაშავე თვით პედაგოგმა სასულიერო პირებმა გააპარეს და იგი დღესაც წარმატებით აგრძელებს “ღვთისმეტყველების შესწავლას”. ექსტრემისტმა სტუდენტებმა აკადემიის შენობაში არ შეუშვეს რომის პაპის წარმომადგენელი, მსოფლიოში ცნობილი თეოლოგი, კარდინალი ვალტერ კასპერი, რომელიც სტუდენტებთან შესახვედრად კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნებართვით მიდიოდა. სტუდენტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოში კათოლიკეების ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და სხვა.
საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების უმრავლესობა ამგვარ ექსტრემიზმს მიესალმება და ახალგაზრდებს უფრო მძაფრი ქმედებებისაკენ აქეზებს. ითვლება, რომ სწორედ ასე უნდა იქცეოდეს “გენეტიკურად ქართველი და მართლმადიდებელი”.
ამჟამად დევნიან გელა ჟვანიას. მას არავინ გამოესარჩლება. გ. ჟვანიას ორი გამოსავალი აქვს: ან ქედი უნდა მოუხაროს ექსტრემისტებს და გაჩუმდეს, ან ვაჟკაცურად გააგრძელოს საკუთარი პოზიციების დაცვა. თუ მან მეორე გამოსავალი აირჩია, შეიძლება, როგორც ორი წლის წინ მისი მეგობრები, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისიც სატანის მსახურად გამოაცხადოს\”.

 2010 წლის 04 06, პარასკევი, 1:34-ზე 

ეკლესიაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიებაში

თვალი რომ გადავავლოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უახლოეს მოვლენებს, დავინახავთ საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლებას, აღმშენებლობას, წარმატებებს საერთაშორისო დონეზე, ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას და სხვა პოზიტივს. ამის ფონზე სამწუხაროდ აღმოცენდა და დღესდღეობით ყვავის მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენები. კონკრეტულად: ქსნოფობია, ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, უკიდურესი კონსერვატიზმი, ავტორიტარიზმი და სხვა უამრავი ნეგატივი.
რა მაძლევს ამის საფუძველს ვილაპარაკო ასეთ სათუთ და მეტად მტკივნეულ საკითხებზე, 1993-1997წწ. ვცხოვრობდი გელათის, ვარძიის და დავით გარეჯის სავანეებში. 1997 წ. საყოველთაოდ ცნობილი მაისის მოვლენების შემდეგ დავტოვე სავანე და ჩავაბარე ქუთაისის წმ. გაბრიელ ქიქოძის სახელობის სასულიერო სემინარიაში. პირველი კურსის დახურვის შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სასულიერო სემინარიაში. დამთავრების შემდეგ აკადემიაში გავაგრძელე და სადაც დღესაც ვსწავლობ მეოთხე კურსზე. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 20-დე საეკლესიო მოძღვარი მყავდა. აღნიშნულთაგან ერთი ორი თუ დამამახსოვრდა როგორც ღირსეული, ერუდირებული და ნამდვილი საეკლესიო მასწავლებელი, რომელიც პასუხობდა ნებისმიერ თანამედროვე პრობლემატურ კითხვებს. დანარჩენებმა კი თავიანთი სიგონჯით, გაუნათლებლობით და ქურდული მენტალობით უფრო დამამახსოვრეს თავი ვიდრე ქრისტიანობას მაზიარეს.
ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ არა ერთმა მღვდელმა და მაღალმა იერარქმა აღიმაღლა ხმა და წერილობითაც მიმართა პატრიარქს და სინოდის წევრებს. პრობლემები საინფორმაციო საშუალებებითაც გააჟღერეს. პერმანენტულად მიმართავდნენ საეკლესიო ორგანოებს, მაგრამ უშედეგოდ. ”ხმა დარჩა მხოლოდ მღაღადებლად უდაბნოსა შინა”. საპატრიარქოს სტრუქტურებში მეტისმეტად ”იდეალური” გარემოებაა შექმნილი. ვინც ხმამაღლა საუბრობს ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ და აკრიტიკებს მათ, ასეთ ადამიანებს მიიჩნევენ ეკლესიის მტრებად და მოღალატეებად. არა ერთი სასულიერო პირი პირდაპირ შეეჩეხა საპატრიარქოს დამსჯელ მანქანას. ზოგიერთი მათგანი დაყენებულია ან პერიფერიებშია გადასროლილი, რომ მათ არ დაურღვიონ მყუდროება სავარძლებზე რბილად მოკალათებულ სადამსჯელო იერარქიული სტრუქტურის პატივდებულ წარმომადგენლებს. ვის არ აწყობს ეკლესიაში არსებული პრობლემებზე საუბარი და საჯაროობა? დასკვნა მარტივია – იმათ, ვინც შავ ბნელ საქმიანობას ეწევა ეკლესიის წიაღში. ”სიბნელე სინათლეს ვერ ეგუება”.
ახლა კი ჩამოვთვლი ჩემი თვალით დანახულ პრობლემებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას და გადაჭრის გზების ძიებას.
1. სასულიერო სასწავლებლებში აუცილებელია პროფესიონალი პროფესორ- მასწავლებლების შერჩევა.
2. საულიერო სასწავლებლებში აუცილებელია სასტიპენდიო სისტემაზე გადასვლა, რომ სტუდენტებმა სტუდენტებად იგრძნონ თავი და არ იყვნენ დაკავებული საპატრიარქოს სარდაფებში პურის ცხობითა და სხვა საქმიანობით.
3. გადაიჭრას პანსიონში მცხოვრებ სტუდენტთა დაპურების საკითხი, დღეს ისინი ამ წყალობას მოკლებულნი არიან გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ პრობლემას სულ რამდენიმე ათასი ლარი გადაჭრის.
4. სტუდენტი არ უნდა გახდეს დევნის და გარიცხვის ობიექტი განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამო, რომლის პრაქტიკა სასულიერო სასწავლებლებში ფართოდ გამოიყენება. არადა საკითხი მხოლოდ პროფესიონალურ პედაგოგიურ მიდგომას საჭიროებს და არა გარიცხვას.
5. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკადრო პოლიტიკას მთლიანად ეკლესიაში და პრიორიტეტულად უნდა იქცეს განათლება და ღირსება. ეკლესია საუკეთესოთა შორის საუკეთესოების მოზიდვას უნდა ცდილობდეს და არ უნდა იქცეს ქურდული მენტალობის ადამიანების თავშესაფარად.
6. ავტორიტარული სენის აღმოფხვრა სასულიერო პირთა შორის. მრევლთან ურთიერთობისა და ზოგადად ეკლესიის მართვის ეს ფორმა ზემოთ აღნიშნული პრობლემების შედეგიც არის (იგულისხმება გაუნათებლობა და ქრისტიანობის მცდარი გაგება). ამგვარი დამოკიდებულებები კი მრევლის დემორალიზაციას იწვევს და ადამიანების რელიგიით ზომბირებას უწყობს ხელს.
7. კორუფციის აღმოფხვრა და კანცელარიის ”ვირთხების” მხილება. ეკლესიის სახელით ბიზნესის წარმოება და გადასახადების თავიდან აცილება, აღურიცხავი შემოსავლების არსებობა, რომლის გაყოფა-განაწილება სასულიერო პირთა შორის დაპირისპირების მიზეზიც კი ხდება.
8. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასულიერო პირთა ჰიგიენას.

9. სამისიონერო საქმიანობა ფაქტიურად ჩამკვდარია და აუცილებელია ამ საქმიანობისათვის სპეციალური ლექციების ჩატარება სასულიერო სასწავლებლებში.
10. ნაციონალიზმისა და ურაპატრიოტიზმის ქადაგება, რომელიც ქსენოფობიისა და ფაშიზმის დამკვიდრებას იწვევს. სასულიერო პირები ამ პრექტიკას ხშირად მიმართავენ, რაც, ვფიქრობ, უბრალოდ დამღუპველია.
11. ამბიონებიდან ხშირად ისმის ფსევდო ქრისტიანული, მითოლოგიური და ყურით მოთრეული ”ქრისტიანობის” პროპაგანდა, რომელსაც ქრისტეს სწავლებასთან ხშირად საერთო არაფერი აქვს.
12. აუცილებელია აღდგეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგი და კავშირები. ღვთის სიტყვის დამოწმება აუცილებელია ყველგან და ყოველთვის.
13. უნდა აღდგეს ისტორიულად არსებული საეკლესიო სასამართლო. ამისათვის კი საჭიროა კადრების მოძიება, მაგრამ უმოქმედობაც გაუმართებულია.
14. აუცილებლობას წარმოადგენს წმ. სინოდის სამდივნოს შექმნა. ეს სამდივნო ორგანიზებას გაუწევს სინოდში მიმდინარე სხდომებს და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტებს.

15. დღემდე არ არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
ეს განყოფილება საზოგადოებას ნებისმიერ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მიაწვდის ეკლესიის თვალსაზრისს.

ეს არის მცირედი ჩამონათვალი არსებული პრობლემებისა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გონივრულ მიდგომას და მართებული გადაწყვეტილებების გატარებას.
100 მილიონიანი ტაძრების მშენებლობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ვერ გააბრწყინებს. როცა მაცხოვარი ქადაგებდა ადამიანების სულში ღვთის საყდარს და საუფლოს აშენებდა და არა მარადიულად ამაყ პირამიდებს, რომელიც ეგვიპტელებში შიშსა და სიკვდილიანობასთან ასოცირდებოდა.
ხოლო თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ჩვენ უახლოეს ხანებში მომსწრე გავხდებით არა ქრისტიანობის აღორძინების, არამედ დექრისტიანიზაციის. მერე კი ქირურგიული ჩარევაც ვერ უშველის საქმეს...
გელა ჟვანია
თბილისის სასულიერო აკადემიის
მეოთხე კურსელი
19.11.06.წ.