Sunday, January 15, 2012

ეკლესიაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიებაში

თვალი რომ გადავავლოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უახლოეს მოვლენებს, დავინახავთ საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლებას, აღმშენებლობას, წარმატებებს საერთაშორისო დონეზე, ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას და სხვა პოზიტივს. ამის ფონზე სამწუხაროდ აღმოცენდა და დღესდღეობით ყვავის მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენები. კონკრეტულად: ქსნოფობია, ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, უკიდურესი კონსერვატიზმი, ავტორიტარიზმი და სხვა უამრავი ნეგატივი.
რა მაძლევს ამის საფუძველს ვილაპარაკო ასეთ სათუთ და მეტად მტკივნეულ საკითხებზე, 1993-1997წწ. ვცხოვრობდი გელათის, ვარძიის და დავით გარეჯის სავანეებში. 1997 წ. საყოველთაოდ ცნობილი მაისის მოვლენების შემდეგ დავტოვე სავანე და ჩავაბარე ქუთაისის წმ. გაბრიელ ქიქოძის სახელობის სასულიერო სემინარიაში. პირველი კურსის დახურვის შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სასულიერო სემინარიაში. დამთავრების შემდეგ აკადემიაში გავაგრძელე და სადაც დღესაც ვსწავლობ მეოთხე კურსზე. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 20-დე საეკლესიო მოძღვარი მყავდა. აღნიშნულთაგან ერთი ორი თუ დამამახსოვრდა როგორც ღირსეული, ერუდირებული და ნამდვილი საეკლესიო მასწავლებელი, რომელიც პასუხობდა ნებისმიერ თანამედროვე პრობლემატურ კითხვებს. დანარჩენებმა კი თავიანთი სიგონჯით, გაუნათლებლობით და ქურდული მენტალობით უფრო დამამახსოვრეს თავი ვიდრე ქრისტიანობას მაზიარეს.
ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ არა ერთმა მღვდელმა და მაღალმა იერარქმა აღიმაღლა ხმა და წერილობითაც მიმართა პატრიარქს და სინოდის წევრებს. პრობლემები საინფორმაციო საშუალებებითაც გააჟღერეს. პერმანენტულად მიმართავდნენ საეკლესიო ორგანოებს, მაგრამ უშედეგოდ. ”ხმა დარჩა მხოლოდ მღაღადებლად უდაბნოსა შინა”. საპატრიარქოს სტრუქტურებში მეტისმეტად ”იდეალური” გარემოებაა შექმნილი. ვინც ხმამაღლა საუბრობს ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ და აკრიტიკებს მათ, ასეთ ადამიანებს მიიჩნევენ ეკლესიის მტრებად და მოღალატეებად. არა ერთი სასულიერო პირი პირდაპირ შეეჩეხა საპატრიარქოს დამსჯელ მანქანას. ზოგიერთი მათგანი დაყენებულია ან პერიფერიებშია გადასროლილი, რომ მათ არ დაურღვიონ მყუდროება სავარძლებზე რბილად მოკალათებულ სადამსჯელო იერარქიული სტრუქტურის პატივდებულ წარმომადგენლებს. ვის არ აწყობს ეკლესიაში არსებული პრობლემებზე საუბარი და საჯაროობა? დასკვნა მარტივია – იმათ, ვინც შავ ბნელ საქმიანობას ეწევა ეკლესიის წიაღში. ”სიბნელე სინათლეს ვერ ეგუება”.
ახლა კი ჩამოვთვლი ჩემი თვალით დანახულ პრობლემებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას და გადაჭრის გზების ძიებას.
1. სასულიერო სასწავლებლებში აუცილებელია პროფესიონალი პროფესორ- მასწავლებლების შერჩევა.
2. საულიერო სასწავლებლებში აუცილებელია სასტიპენდიო სისტემაზე გადასვლა, რომ სტუდენტებმა სტუდენტებად იგრძნონ თავი და არ იყვნენ დაკავებული საპატრიარქოს სარდაფებში პურის ცხობითა და სხვა საქმიანობით.
3. გადაიჭრას პანსიონში მცხოვრებ სტუდენტთა დაპურების საკითხი, დღეს ისინი ამ წყალობას მოკლებულნი არიან გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ პრობლემას სულ რამდენიმე ათასი ლარი გადაჭრის.
4. სტუდენტი არ უნდა გახდეს დევნის და გარიცხვის ობიექტი განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამო, რომლის პრაქტიკა სასულიერო სასწავლებლებში ფართოდ გამოიყენება. არადა საკითხი მხოლოდ პროფესიონალურ პედაგოგიურ მიდგომას საჭიროებს და არა გარიცხვას.
5. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკადრო პოლიტიკას მთლიანად ეკლესიაში და პრიორიტეტულად უნდა იქცეს განათლება და ღირსება. ეკლესია საუკეთესოთა შორის საუკეთესოების მოზიდვას უნდა ცდილობდეს და არ უნდა იქცეს ქურდული მენტალობის ადამიანების თავშესაფარად.
6. ავტორიტარული სენის აღმოფხვრა სასულიერო პირთა შორის. მრევლთან ურთიერთობისა და ზოგადად ეკლესიის მართვის ეს ფორმა ზემოთ აღნიშნული პრობლემების შედეგიც არის (იგულისხმება გაუნათებლობა და ქრისტიანობის მცდარი გაგება). ამგვარი დამოკიდებულებები კი მრევლის დემორალიზაციას იწვევს და ადამიანების რელიგიით ზომბირებას უწყობს ხელს.
7. კორუფციის აღმოფხვრა და კანცელარიის ”ვირთხების” მხილება. ეკლესიის სახელით ბიზნესის წარმოება და გადასახადების თავიდან აცილება, აღურიცხავი შემოსავლების არსებობა, რომლის გაყოფა-განაწილება სასულიერო პირთა შორის დაპირისპირების მიზეზიც კი ხდება.
8. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასულიერო პირთა ჰიგიენას.

9. სამისიონერო საქმიანობა ფაქტიურად ჩამკვდარია და აუცილებელია ამ საქმიანობისათვის სპეციალური ლექციების ჩატარება სასულიერო სასწავლებლებში.
10. ნაციონალიზმისა და ურაპატრიოტიზმის ქადაგება, რომელიც ქსენოფობიისა და ფაშიზმის დამკვიდრებას იწვევს. სასულიერო პირები ამ პრექტიკას ხშირად მიმართავენ, რაც, ვფიქრობ, უბრალოდ დამღუპველია.
11. ამბიონებიდან ხშირად ისმის ფსევდო ქრისტიანული, მითოლოგიური და ყურით მოთრეული ”ქრისტიანობის” პროპაგანდა, რომელსაც ქრისტეს სწავლებასთან ხშირად საერთო არაფერი აქვს.
12. აუცილებელია აღდგეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგი და კავშირები. ღვთის სიტყვის დამოწმება აუცილებელია ყველგან და ყოველთვის.
13. უნდა აღდგეს ისტორიულად არსებული საეკლესიო სასამართლო. ამისათვის კი საჭიროა კადრების მოძიება, მაგრამ უმოქმედობაც გაუმართებულია.
14. აუცილებლობას წარმოადგენს წმ. სინოდის სამდივნოს შექმნა. ეს სამდივნო ორგანიზებას გაუწევს სინოდში მიმდინარე სხდომებს და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტებს.

15. დღემდე არ არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
ეს განყოფილება საზოგადოებას ნებისმიერ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მიაწვდის ეკლესიის თვალსაზრისს.

ეს არის მცირედი ჩამონათვალი არსებული პრობლემებისა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გონივრულ მიდგომას და მართებული გადაწყვეტილებების გატარებას.
100 მილიონიანი ტაძრების მშენებლობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ვერ გააბრწყინებს. როცა მაცხოვარი ქადაგებდა ადამიანების სულში ღვთის საყდარს და საუფლოს აშენებდა და არა მარადიულად ამაყ პირამიდებს, რომელიც ეგვიპტელებში შიშსა და სიკვდილიანობასთან ასოცირდებოდა.
ხოლო თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ჩვენ უახლოეს ხანებში მომსწრე გავხდებით არა ქრისტიანობის აღორძინების, არამედ დექრისტიანიზაციის. მერე კი ქირურგიული ჩარევაც ვერ უშველის საქმეს...
გელა ჟვანია
თბილისის სასულიერო აკადემიის
მეოთხე კურსელი
19.11.06.წ.

No comments:

Post a Comment