Sunday, January 15, 2012

სასულიერო აკადემიის სტუდენტს ჟურნალ “არჩევანის” გავრცელების გამო ემუქრებიან

სასულიერო აკადემიის სტუდენტ გელა ჟვანიასაგან რედაქციამ შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: “ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც ეხება სიტყვისა და პრესის თავისუფლებას. ვსწავლობ სასულიერო აკადემიის IV კურსზე. პირადი ინიციატივით, სტუდენტებში ვავრცელებ რელიგიური ხასიათის ჟურნალ “არჩევანს”. სტუდენტთა გარკვეული ნაწილი, რომელიც “დავით აღმაშენებლის საძმოს” წევრია, ხშირად მიწევდა წინააღმდეგობას ჟურნალის გავრცელების გამო. ბოლო პერიოდში კი ისინი ხელმოწერებს აგროვებენ სასულიერო აკადემიიდან ჩემი გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით. დარბიან საპატრიარქოსა და აკადემიის სასულიერო პირთა შორის. ჩემი აზრით, ისინი ამ დაწესებულებებში ეძებენ ისეთ სასულიერო პირებს, რომლებზედაც დაყრდნობას შეძლებენ. აღნიშნული დაჯგუფება ერთგვარი პათოლოგიური “მოშურნეობით” არის ცნობილი, მათ საქმიანობას გარკვეულწილად საზოგადოება უკვე იცნობს. ამ დაჯგუფების უკან დგანან ფანატიზმითა და ფუნდამენტალისტური იდეებით შეპყრობილი სასულიერო პირები. ზოგიერთი მათგანი პირად საუბრებში მიცხადებდა, რომ მათ თურმე “ქუჩის აკადემია” ჰქონდათ დამთავრებული. მეუბნებიან: “თუ არ მორჩები ამ საქმიანობას, აკადემიის შენობაში არ შეგიშვებთ ან შენი გარიცხვის საკითხს დავაყენებთ ადმინისტრაციის წინაშე”.
მე კი ვხელმძღვანელობ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც გაზიარებულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ (საქართველოს კონსტიტუცია). ველოდები მოვლენების განვითარებას.
დიდი მადლობა ამ წერილის წაკითხვისათვის.
პატივისცემით გელა ჟვანია.”
აღსანიშნავია, რომ გელა ჟვანია მიეკუთვნება სასულიერო აკადემიისა და სემინარიის იმ სტუდენტთა რიცხვს, რომლებმაც ორი წლის წინ საჯაროდ გააპროტესტეს საპატრიარქოში გამეფებული ფანატიზმი, რუსეთის გავლენა და კორუფცია. საპატრიარქომ ეს სტუდენტები სასწავლებლიდან გარიცხა. გელა ჟვანია უკანასკნელია, რომელიც აკადემიაში დარჩა. ის აქამდეც განიცდიდა დევნას სასულიერო აკადემიის ადმინისტრაციისა და ექსტრემისტულ ორგანიზაცია “წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” წევრი სტუდენტებისაგან. ჩვენი ინფორმაციით, ეს უკანასკნელნი გ. ჟვანიას ფიზიკური ანაგარიშსწორებითაც ემუქრებიან. საპატრიარქოს მხრიდან ამ დევნის ინიციატორები არიან ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, ხოლო “წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” მხრიდან ცნობილი ექსტრემისტები, დეკანოზები: დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნა. იგი ხშირად სტუმრობს აკადემია-სემინარიას და სტუდენტებს ფუნდამენტალისტური და ნაცისტური იდეებით მუხტავს. სწორედ მან შექმნა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა”, რომელიც ძირითადად აკადემია-სემინარიის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.
პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა აკადემია-სემინარიის სტუდენტებს ჟურნალ “არჩევანის” კითხვა აუკრძალა. ამ შუასაუკუნოებრივი ბრძანების კომენტარისაგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი გამრეკელს არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი არ შეუქმნია და არც სამეცნიერო ხარისხი ან უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად დანიშნა. ხოლო ახლახან მწერალ თამაზ წივწივაძესა და მას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.
გამოვთქვამთ პროტესტს გელა ჟვანიას დევნის გამო და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ დაუშვებს თბილისის სასულიერო აკადემიიდან თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტის გარიცხვას.
სტუდენტებისათვის ჟურნალ “არჩევანის” კითხვის აკრძალვაში კი ნათლად ჩანს ფანატიკოსების პანიკური შიში განათლებისა და ჯანსაღი აზრისადმი.

18.10.2006

No comments:

Post a Comment