Sunday, January 15, 2012

,,არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს”

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთ ნაწილს საერთო პოზიცია ჩამოგვიყალიბდა. ვიტყვით იმასაც, რომ ჩვენს დამოკიდებულებას იზიარებს სტუდენტებისა და პედაგოგების, აგრეთვე ჩვენთვის ცნობილი სასულიერო პირების უმრავლესობა. თუმცა სხვადასხვა მიზეზით ისინი დუმილს არჩევენ. ჩვენც დიდხანს ვდუმდით. მაგრამ, ჩვენი აზრით, წლების მანძილზე წაყრუებისა და დუმილის პოლიტიკამ ვერანაირად გაამართლა და ამ წერილზე ხელმომწერნი პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ეკლესიაში დღესდღეობით არსებული კრიზისის გამო; ჩვენი მთავარი დანაშაული სწორედ დუმილი იყო. ამიტომ ღიად ვაცხადებთ: აღარ გვსურს ჩუმი და გულგრილი მოწმენი ვიყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით ეკლესიის წინააღმდეგ მიზანდასახული ან თუნდაც გაუცნობიერებელი ბრძოლისა, აღარ გვსურს შევურიგდეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდით მოვაჭრეებს, მისი სახელის მიმტაცებლებს. ჩვენ ვსარგებლობთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის სწორედ ღვთითბოძებული თავისუფლებით, რათა ამ გზით შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაჭრა. უმწვავესი საკითხი, სასწრაფოდ რომ ითხოვს რეაგირებას, მრავალია. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას. საეკლესიო კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამღვდელო და სამღვდელმთავრო კანდიდატი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რა კრიტერიუმებით სდება ამა თუ იმ პიროვნების ხელდასხმა. ფაქტია, რომ სასულიერო პირების დიდი ნაწილის განათლებისა და სულიერი გამოცდილების ხარისხი მეტად დაბალია. განათლების დეფიციტის გამო ტოტალურად მახინჯდება დოგმატური და ეკლესიოლოგიური სწავლება, მორალის, პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება კი უკიდურესად ფანატიკურ ხასიათს იძენს. სულიერი გამოცდილების ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოდ მოძღვრის მხრიდან უპირობო მორჩილების მოთხოვნაში ვლინდება. საკუთარი სულიერი, ინტელექტუალური და ზნეობრივი უმწეობის შესანიღბად ასეთი ,,სულიერი მამები” ,,სულიერ შვილებს,” მარტივად რომ ვთქვათ, ართმევენ ყოველგვარ თავისუფლებას - მოარულ გვამებად აქცევენ მათ... სრულიად მოუწესრიგებელია სასულიერო პირების ცხოვრების ფინანსურ - ეკონომიკური მხარეც, რაც მათი უმრავლესობის მხრიდან საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებისას თანხის მოთხოვნის, მრევლის ღარიბი ნაწილისადმი უყურადღებობის, ხშირ შემთხვევაში კი - ,,საეკლესიო“ კორუფციაში ჩართვის საბაბი ხდება. ეს პრობლემა ეკლესიის მიმართ არაეკლესიური ადამიანების უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზია. ეკლესიის წიაღში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად არ შექმნილა საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომელიც სათანადო პასუხს გასცემდა თანამედროვეობის ამა თუ იმ გამოწვევას. ყველაზე მწვავე გარჩევის საგნად ბოლო წლებში - არც მეტი, არც ნაკლები - უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების საიქიო ხვედრისა და ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობის საკითხი იქცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი ნაწილი არ კითხულობს სახარებას, სამრევლო-საეკლესიო ცხოვრება მშრალ რიტუალიზმამდე, აზროვნება კი - ფსევდოსასწაულებისა და სიზმარ-გამოცხადებების ,,ღვთისმეტყველებამდეა“ დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოდის სულ მცირე 50 დასახელების ჟურნალი და გაზეთი, არც ერთი მათგანი რეალურად არ გამოხატავს მართლმადიდებლურ პოზიციებს, არც ერთ მათგანში არ სუნთქავს საღი აზრისა თუ ეკლესიის ღვთისმეტყველების სული (გამონაკლისს წარმოადგენდა ჟურნალი ,,გზა სამეუფო“, გაზეთები: ,,თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“ და ,,საეკლესიო სიწმინდენი“, რომლებიც ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო აღარ გამოიცემა). საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს ერეტიკულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურის მიმართ სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთმა ,,ერი და ბერი“ ანტიქრისტეს ვინაობა გვამცნო: მაშ, გიხაროდენ! ანტიქრისტე დასახელებულია, იგი გახლავთ აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკი(!). აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ჩვენი იერარქიისა და მრევლის ნაწილი განსხვავებული აზრის, სხვა აღმსარებლობათა მიმდევრების, დასავლეთის, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ შეუწყნარებლობით ხასიათდება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საეკლესიო პრესის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს ეკლესიის დისკრედიტირება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი სულიერ-ზნეობრივი სიმდიდრის პროფანაცია და ამ გამოცემების უმრავლესობაზე აღბეჭდილი ამა თუ იმ იერარქის ლოცვა-კურთხევას მინდობილი მრევლის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცხოვრებისგან სრული მოწყვეტაა.. ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს ავისმსურველებისთვის ეს მართლაც საშური პერსპექტივაა, რადგან ქვეყანა, სადაც მოქალაქეთა 85 პროცენტი თავს მართლმადიდებლად აცხადებს და ეკლესიისადმი ნდობის ხარისხი ყველა სხვა ინსტიტუტისადმი ნდობაზე შეუდარებლად მაღალია, ერთ მშვენიერ დღეს ანტიქრისტეს შიშით შეიძლება უბრალოდ პარალიზებულ იქნას, ანდა დასავლეთის მიმართ ფობიის გამო ისევ რუსეთის მარწუხებში აღმოჩნდეს. მთელი საქართველოსათვის კარგადაა ცნობილი კათოლიკოს-პატრიარქის ტოლერანტობა, მისი დამოკიდებულება საერო კულტურის, ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობის, მოქალაქის აქტივობისა და, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისადმი. უწმინდესი და უნეტარესი გამუდმებით მოგვიწოდებს სხვადასხვა კულტურის მიმართ ღიაობისა და დიალოგისკენ, მოგვიწოდებს სამრევლო ცხოვრებაში გულახდილობისა და მეტი თავისუფლებისკენ, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მისი პოზიცია სასულიერო პირთა განათლებასა და მათ მსახურებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. კათოლიკოს-პატრიარქი ბოლო სააღდგომო ეპისტოლეში მკვეთრად აკრიტიკებს მღვდელმსახურთა სამოძღვრო საქმიანობას, მათ ავტორიტარულ მიდგომას სულიერი შვილებისადმი. მაგრამ ამ ფონზე ფაქტია, რომ ეკლესიის დღევანდელობა უწმინდესისა და უნეტარესის სულისკვეთების საწინააღმდეგოა. ჩვენი აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იზოლაციაშია მოქცეული საპატრიარქოს აპარატის თანამშრომლების ერთი ნაწილისა და ამ აპარატთან დაახლოებული სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან. ამას არაერთი ეპისკოპოსი თუ მღვდელმსახური ადასტურებს, რომლებიც, როგორც ვთქვით, თავს იკავებენ ამ საკითხზე ღიად საუბრისგან; ამას ადასტურებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც წლების მანძილზე მეგობრობდა და თანამშრომლობდა უწმინდესსა და უნეტარესთან. და ამის შესახებ ჩვენც შეგვიძლია განვაცხადოთ; კერძოდ: უკვე ზედიზედ ორი წელია პატრიარქი სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ჯგუფს (რომელშიც შედის ნაწილი ამ წერილზე ხელმომწერებისა) ეკლესიაში არსებული პრობლემების შესწავლას ავალებს. მაგრამ ამ ანალიტიკურ ჯგუფს მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა. მისი საქმიანობა, შეიძლება ითქვას, ჩაიშალა კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ინიციატივით.ჩვენთან საუბარში სასულიერო თუ საერო პირები ერთხმად აღიარებენ, რომ საპატრიარქოში ყველაფერს განსაზღვრავს და აკონტროლებს საპატრიარქოს აპარატი ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელმძღვანელობით. მის სახელს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვასაც უკავშირებენ. რამდენიმე ხნის წინ პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ცნობა საპატრიარქოს მიერ ხაშმის ღვინის ქარხნის, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩოლოყაშვილების ისტორიული სასახლისა და კარის ეკლესიის დაგირავების ფაქტის თაობაზე. საზოგადოებისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა 1994-95 წლებში საპატრიარქოს სახელით წარმოებული კომერციული საქმიანობის შესახებ. ამ მასალაში საქართველოში სხვა პროდუქციასთან ერთად შემოტანილ სიგარეტზე, ბენზინზე, დიდი ოდენობით სპირტიან სასმელებზე და აქედან გატანილ ლითონებზეა საუბარი... ბუნებრივია, რომ ეკლესიური თუ არაეკლესიური საზოგადოება ხსენებული ფაქტების გამო საპატრიარქოს თანამშრომელთა მორალური პასუხისმგებლობის გარკვევის საკითხს დასვამს. ჩვენ კი ყოველგვარი პათოსისა და უქმსიტყვაობის გარეშე გავიმეორებთ: მთავარი დამნაშავე თითოეული ჩვენგანის გულგრილობა, დუმილი და უმოქმედობაა. შესაბამისად, გამოსავალიც ჩვენს ერთობაში, აქტიურობასა და ერთმანეთისათვის გულწრფელად ნათქვამ სიმართლეშია. რწმენა და სიყვარული არ შეიძლება იყოს ბრმა, რადგან, სხვა შემთხვევაში, რწმენა ფანატიზმად, სიყვარული კი მონობად იქცევა. ეკლესიაში შექმნილი მძიმე სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობის ფონზე იმედის სხივად საქართველოს გაბრწყინების იდეა ჩანს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ამკვიდრებს თავის ქადაგებებში. ჩვენც სწორედ ამ რწმენით გვსურს ვიცხოვროთ და ვიშრომოთ ეკლესიისა და მამულის საკეთილდღეოდ. რადგან გვწამს, რომ არასდროს მიგვატოვებს ჩვენი ცხოვრების მასულდგმულებელი ძალა - იესო ქრისტე და მისი წმინდანები, არასდროს დადუმდება უფლის სიტყვა, რომელიც სიბნელეს - სინათლით, მონობას - თავისუფლებით, სიკვდილს კი - სიცოცხლით ამარცხებს.

1. კახა აბაშიძე
2. იაკობ ახალაია
3. კახა ბუაჩიძე
4. დიმიტრი ბურდული
5. მირიან გამრეკელაშვილი
6. დიმიტრი გამრეკელაშვილი
7. ანტონ გუნიავა
8. თეიმურაზ გრძელიშვილი
9. დავით თინიკაშვილი
10. ერეკლე თურქაძე
11. რომან ლაშხია
12. გიორგი ლომიძე
13. კახა მაჩაიძე
14. ბექა მინდიაშვილი
15. ევგენი მიქელაძე
16. ვაჟა ნიქაბაძე
17. გელა ჟვანია
18. მიხეილ რობაქიძე
19. ჯაბა ტოროშელიძე
20. მიხეილ ცირდავა
21. ირაკლი ცხადაძე
22. ზურაბ ჯაში
23. ზაალ ჯუღელი

14.11.2006

No comments:

Post a Comment